ჰ’ლიში
დრო:30 ივნისიადგილი:ბეჩო, შიხრა
მოკლე აღწერა:ჰ’ლიში ანუ ჰულიშობა არის საზაფხულო დღესასწაული და მასში გაერთიანებულია სხვადასხვა ღონისძიებები:ცხენების დოღი, სპორტული და საბრძოლო ხელოვნებებში შეჯიბრი და ა.შ. დილას იკვლება საკლავები და უხუცესები აღავლენენ ლოცვას. ამ დღეს შიხრაში სვანეთის სხვადასხვა სოფლებიდან მოდიან და მონაწილეობას იღებენ დღესასწაულის მსვლელობაში. დღე საერთო მხიარულებით მთავრდება.
''ლამარიაშ ლიბთქალ''-ანუ ღვთისმშობლის შობა
დრო:21 სექტემბერი
ადგილი:ბეჩო,ნაშთქოლი
მოკლე აღწერა:ეს დღესასწაული მართლმადიდებლური კალენდრის მსგავსად ნაშთქოლშიც 21 სექტემბერს აღინიშნება. მლოცველები დილიდანვე იკრიბებიან ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში. ამ დღეს სხვა დღესასწაულებისაგან განსხვავებით ლოცვას თეთრ მანდილიანი, საზეიმოდ გამოწყობილი ქალები აღავლენენ. ლოცვის შემდგომ ტაძრის ახლოს იშლება საზეიმო სუფრა და იწყება საერთო მოლხენა.
''ლამპრობა''
დრო:24თებერვალი
ადგილი:ბეჩო,ნაშთქოლი
მოკლე აღწერა:ლამპრობას სვანეთში რამოდენიმე თემი აღნიშნავს და ის სვანებისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია. ოჯახები ამ დღისთვის წინასწარ ემზადებიან. კაცებს ტყიდან მოაქვთ იმდენი არყის ხე რამდენი ქუდის მატარებელიცაა ოჯახში და ერთი ლამპარი წმინდა გიორგის სახელზე. ლამპრებს გამოთლიან, გაამზადებენ და კერიის ახლოს შემოაწყობენ გასახმობად. ლამპრობა დილას 6-7საათზე ოჯახის დიასახლისი აცხობს სეფისკვერებს, ხაჭაპურს და კუბდარს, ამზადებს სანთელს და ზედაშთან ერთად ამ ყველაფერს ატანს ოჯახის კაცებს. ლამპრობა უმეტესად წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებთან აღევლინება. დანიშნულ ადგილას ყველა ანთებული ლამპრებით იკრიბება.უხუცესები სეფისკვერებითა და ზედაშით აღავლენენ ლოცვას. ბოლოს ანთებული ლამპრების ფონზე იწყება მოლხენა. სრულდება სვანური სიმღერები და ცეკვა.
''ლიჩაჩხიელ''
დრო:16 თებერვალი
ადგილი:ბეჩო,ნაშთქოლი
მოკლე აღწერა:ეს დღესასწაული ძირითადად ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. ამ დღისთვის არყის ხისგან მზადდება პატარა ზომის ლამპრები. ტრადიციის თანახმად ამ დღეს ბავშვები მიდიან წინასწარ შერჩეულ ოჯახებში. ანთებული ლამპრებით მელამპრემ უნდა მოახერხოს ლამპრის სახლში შეგდება და ჩუმად გაპარვა. თავის მხრივ მასპინძელმა უნდა შეძლოს სტუმრის დაჭერა. ამ შემთხვევაში მელამპრე დამარცხებულია და ის უნდა შეჰყვეს მასპინძელს სახლში. მასპინძელი მას განსაკუთრებულად უმასპინძლდება და საჩუქრებით უშვებს შინ. იმ შემთხვევაში თუ მელამპრე მოახერხებს მშვიდობიანად გაპარვას გამარჯვებულიც ის იქნება.
'' ლიგერგი''ანუ-გიორგობა
დრო:23 ნოემბერი,6 მაისი
ადგილი:ბეჩო,ნაშთქოლი
მოკლე აღწერა:წმინდა გიორგი სვანებისთვის განსაკუთრებული წმინდანია, ამიტომ გიორგობას სვანეთში ოდითგანვე განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ. გიორგობის ჩატარების პასუხისმგებლობას ყოველ წელიწადს მორიგეობით ერთი ოჯახი იღებს თავის თავზე. ამ დღისთვის არჩევენ საკლავს, ხდიან არაყს. გიორგობა დღეს სოფლის ყველა მცხოვრები მიემართება მასპინძელ ოჯახში სადაც უხუცესები სეფისკვერებით ლოცვას აღავლენენ. მოგვიანებით იშლება საერთო სუფრა და იწყება მოლხენა. ამ დღეს სოფელში არავინ ასრულებს სამუშაოებს და მთლიანად დღესასწაულზე არიან გადართულები.
'' კანდა''ანუ-ძველით ახალიწელი
დრო:14 იანვარი
ადგილი:ბეჩო,ნაშთქოლი
მოკლე აღწერა:ამ დღესასწაულის ჩატარებას უამრავი საინტერესო ტრადიცია ახლავს თან. კანდის წინა დღეს სადღესასწაულო მზადება პიკს აღწევს. წინასწარ შერჩეულ კალათაში ჩაუფენენ თივას სადაც ალაგებენ სეფისკვერებს, ზედაშს, ხორბალს, ღორის თავს, ტკბილეულს და აშ. დილას 6-7 საათზე მთელი სოფლის კაცები და ბავშვები გადიან მდინარეზე. გააქვთ სავსე კალათები, გაჰყავთ ცხენი ან ხარი. მდინარეზე ნელნელა გროვდება მოსახლეობა. კაცები სეფისკვერებით ილოცებიან და უფალს შესთხოვენ რომ მომავალ წელიწადს მათთვის ხვავი, ბარაქი, სიმშვიდე და მშვიდობა მოეტანოს. ამის შემდეგ ერთმანეთს ულოცავენ ძველი წლის შემობრძანებას, ტკბილეულით ერთმანეთს პირს უტკბარუნებენ. მოგვიანებით ლხინი ოჯახებში გრძელდება.მედღესასწაულეები ერთი ოჯახიდან მეორეში გადადიან და ყველა ოჯახს ულოცავენ დღესასწაულს.
''ელობ''ანუ-ელიობა
დრო:2აგვისტო
ადგილი:ბეჩო,ჯგრანაში
მოკლე აღწერა:ამ დღეს სოფლის მოსახლეობა მიდის ელიას სახელობის ტაძარში. ლოცვის შინაარსი სხვა დღესასწაულებისგან განსხვავდება. ამ დღესასწაულზე შესთხოვენ უხვ მოსავალს და კარგ ამინდებს იმისთვის რომ ნათესები არ გაუფჭდეთ. იქვე მოწყობილ ქვაზე ცხვება სეფისკვერები და ხაჭაპური. ლოცვის შემდეგ იმართება ტრაპეზი.